ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ სამინისტროსათვის მიცემული ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამართლებრივი აქტის სახით შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“.
დოკუმენტში გათვალისწინებულია სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.
დოკუმენტი წარმოადგენს მანდატურის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმს, რაც მნიშვნელოვნად დაარეგულირებს ინფორმაციის გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში მათი კოორდინირებული მოქმედების პროცესს. ამასთან, განისაზღვრა უფლებამოსილი პირის ინსტიტუტი იმ სკოლებისათვის, სადაც არ არის მანდატური.
რისკების შეფასებისა და სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.
შეიქმნა სკოლის მრჩეველთა საბჭო, რომელიც ერთგვარ მაკონტროლებელ და საკონსულტაციო როლს შეასრულებს სკოლის უსაფრთხოების საკითხებში.
სატესტო რეჟიმში მუშაობს ინტერნეტ პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის ბოლომდე საბოლოო სახით მოდიფიცირება. მნიშვნელოვანია, რომ პორტალზე ფსიქოლოგის კონსულტაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ვებგვერდი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აქედან გამომდინარე პრევენციას.
2019 წლის ბოლომდე სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესის ფარგლებში, სკოლებს გადაეცემა სახელმძღვანელოდ სკოლებში მედიაციის სტანდარტული გეგმა.
სკოლებში შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით. იგი გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე გაეცნობა არსებულ სიტუაციას და გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.
2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული. ასევე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატური. 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით.