საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი.
„დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონურ მხარეს შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩვენი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში ჩართვას, რომელიც მოწინავეა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი დოქტორანტების აღიარება, რომლებიც მიიღებენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე იაპონური მხარის დიპლომებს. ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ასეთ საერთაშორისო პროექტებში ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების რეფორმის განხორციელებას“- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეთანხმება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაციასა და ქართველი დოქტორანტების ერთობლივ მომზადებას გულისხმობს. იაპონიის მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ქართველმა დოქტორანტებმა სწავლებისა და კვლევების ნაწილი იაპონიაში გაიარონ და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენონ KEK-ის და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. ასევე, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.
შეთანხმების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ასევე მოხდება საქართველოს ტექნიკურ და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა.
აღნიშნულ თემებზე მემორანდუმების გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, როგორც ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში, ასევე, დიდ წილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.