15 თებერვალს, სასტუმრო “ჰუალინგში” გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 29-ე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, რომელზეც დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი. ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 29 დელეგეტიდან 28-მ მიიღო მონაწილეობა და ლევან კობიაშვილს მხარი ერთხმად დაუჭირა. კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად რიგით 29-ე ყრილობაზე დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შემადგნელობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულაქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული და ნიკოლოზ ჯღარკავა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩამოვიდა და საარჩევნო პროცესს დააკვირდა უეფას ვიცე-პრეზიდენტი - მიკელე უვა. არჩევნებს დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების სლოვაკი თავკაცი ვლადიმირ ვაისი, რომელმაც კობიაშვილს და მის გუნდს სრული ნდობა გამოუცხადა.
ლევან კობიაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):“ უზომოდ ბედნიერი ვარ არჩევნების შედეგით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია კიდევ ერთი ვადით ვუხელმძღვანელო ქართულ ფეხბურთს. ვხვდები და სრულად ვიაზრებ თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. მზად ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს ძალიან მაგარ და დიდ გუნდთან ერთად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელო, რათა სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო წარმატებული გახდეს”.
ფოტო: სფფ-ს პრესსამსახური