საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა პროფესიული განათლების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმების ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი პარტნიორი გერმანიაა, სადაც პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილება არსებობს. ეს ქვეყანა არა მხოლოდ გამოცდილებით, არამედ, რესურსებითაც ჩართულია რათა, რაც შეიძლება მეტი დუალური მოდელი გაჩნდეს საქართველოში და რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ეუფლებოდეს პროფესიას სხვადასხვა სფეროში. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება და ბევრი სამუშაო სამომავლოდაც დაიგეგმა.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მისი გუნდის წევრებთან, რომელიც შეეხებოდა პროფესიული განათლების მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება. მოგეხსენებათ, გერმანია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა პროფესიული განათლების განვითარების თვალსაზრისით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან ამ მიმართულებით, თუმცა გვსურს უფრო გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა, ვფიქრობ ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა იქნება ფორუმი, რომელიც ზაფხულშა დაგეგმილი.“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა.