საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების რეფორმის განხორციელების გეგმებზე დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ მათ რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააცნო და ყველა ის საკითხი განიხილა, რაც მოსწავლეთა სასწავლო პროცესში გააქტიურებას, არსებულ სასკოლო შეფასების სისტემას, სკოლისადმი საზოგადიების ნდობის ამაღლების მნიშვნელობას და სააღმზრდელო და სასწავლო მიმართულებით, მასწავლებელთა და ადმინისტრაციის მოტივაციის მნიშვნელობას უკავშირდება.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, სკოლის დირექტორებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს. ისაუბრეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები წლების განმავლობაში. მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო სკოლის აუცილებლობაზე, მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების აუცილებლობაზე.
„სკოლების დირექტორებთან განვიხილეთ ყველა დეტალი, რაც თან სდევს რეფორმის განხორციელების პროცესს. მათ ღიად და გახსნილად ისაუბრეს სკოლებში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე. ასეთი შეხვედრები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ჩვენ მხოლოდ მსგავსი კონსულტაციების საფუძველზე დავგეგმავთ იმ ცვლილებებს, რაც განათლების რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდება“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.
მინისტრის მოადგილის მხრიდან სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, მუდმივ კოორდინაციაში იყვნენ მშობლებთან და დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.
ანალოგიური შეხვედრები, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე გაგრძელდება.