საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი მომსახურების მოდელი შეიმუშავა. პროექტს დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები გაეცნენ.
მოდელი ორგანიზაცია „მარიანისთან“ თანამშრომლობით შეიქმნა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის ინკლუზიური უმაღლესი განათლების მიწოდებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილებას ეფუძნება. იგი ასახავს იმ საბაზისო და აუცილებელი სტანდარტების დანერგვის გზებს, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების წარმატებული და ღირსეული ინკლუზია უმაღლეს განათლებაში.