საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განათლების პოლიტიკის საკითხებზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომელიც განათლების სისტემის ფინური მოდელის გაცნობასა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. სემინარი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იყო ფოკუსირებული, როგორებიცაა: საშუალო საფეხურის კურიკულუმი, განმავითარებელი შეფასება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.
სემინარს მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ფინეთის ელჩი საქართველოში, არია ინკერი მაკონენი, საქართველოში ფინური საერთაშორისო სკოლის დამაარსებლები - საკონსულტაციო კომპანიის „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტი კუკავა და ფინური განათლების კონსორციუმის “Polar Partners”-ის დამფუძნებელი კიმმო კუმპულაინენი, განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროსა და სსიპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა დეტალურად წარმოადგინეს ფინური განათლების სისტემაში დანერგილი საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმი და ქართულ მხარეს, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმის ამავე საფეხურის რევიზიას ახორციელებს, სასარგებლო რეკომენდაციები მისცეს.
თავის მხრივ, ირინა აბულაძემ საქართველოს განათლების სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას, კერძოდ, მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებასა და განმავითარებელი შეფასების სისტემის მთელი საქართველოს მასშტაბით დანერგვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.