უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა: აშშ-მ, კანადამ, უკრაინამ და ევროკავშირმა, 2009 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე; საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარიამ გერსამია, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი და სხვ.
შეხვედრაზე შეფასდა და დასაფინანსებლად შეირჩა კიდევ 11 ერთობლივი სამეცნიერო პროექტი. მათთვის ბიუჯეტი 381 509 აშშ დოლარით განისაზღვრა. აქედან ფონდი 255 872 აშშ დოლარს გადაიხდის.
ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა მეცნიებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (STCU) აღმასრულებელ დირექტორს ენდრიუ ჰუდს.
საქართველო უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წევრი 1998 წელს გახდა და დღეისათვის ამ ორგანიზაციამ 829 ქართველი მეცნიერის 100-მდე პროექტი დააფინანსა, რომელთა საერთო ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
2006 წელს საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (GNSF) და STCU-მ ხელი მოაწერეს “განაცხადს თანამშრომლობის შესახებ”, რომელმაც დასაბამი მისცა ამ ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში.
2006-2008 წლებში STCU-მ და GNSF-მა ერთობლივად ჩაატარეს 3 კონკურსი. გამარჯვებულ ქართველ მეცნიერთა 26 პროექტს STCU-მ გამოუყო თითქმის 1.5 მილიონი აშშ დოლარი.
STCU არის მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1993 წელს. STCU-ს მიზანია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ე.წ. მეიარაღე მეცნიერების აქამდე ბირთვული და სხვა იარაღის შექმნაზე ორიენტირებული ქართველი სპეციალისტების საქმიანობის მიმართვა მშვიდობიანი მიზნებისკენ. ცენტრი სამი დონორისგან შედგება: ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. მეოთხე სრულფასოვანი პარტნიორი არის უკრაინა. მოგვიანებით, ცენტრში გაწევრიანდა საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და უზბეკეთი.