საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, სკოლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და მისი განხორციელების გზები ამჯერად მან რეგიონების სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან ერთად განიხილა და როგორც წინა შეხვედრებზე, ამჯერადაც საუბარი სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხს შეეხო, რომელიც სკოლას გააძლიერებს, მასწავლებლის და მოსწავლის მოტივაციას აამაღლებს, სასწავლო პროცესს საინტერესოს გახდის და სწავლების ხარისხს აამაღლებს.
„სისტემური ხასიათის შეხვედრები აჩვენებს რამდენად განსხვავებული სიტუაციაა რეგიონების სკოლებში. თუმცა, დირექტორებმა ღიად დააფიქსირეს, რომ საატესტატო გამოცდების მოხსნით, სკოლაში სიტუაცია გაჯანსაღდება და მოსწავლეები სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან. შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი მექანიზმებიც, რომელიც რეფორმის ფარგლებში შემუშავდება და დაინერგება იმისთვის, რომ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ სასწავლო პროცესით, ხოლო მასწავლებლებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ პროფესიული განვითარებისთვის“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.
ინტერაქტიულ შეხვედრაზე დირექტორებმა და მასწავლებლებმა განათლების რეფორმის განხორციელებაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რაც იდენტურია ქალაქად და სოფლად. ყურადღება გაამახვილეს ასევე მხოლოდ რეგიონების სკოლებისთვისაა დამახასიათებელ სპეციფიურ საკითხებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლების სისტემის რეფორმირება უნდა დაიწყოს სკოლიდან, რომელშიც კომპლექსურად უნდა იყვნენ ჩართულნი როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი გელა გელაძე, რომელმაც დირექტორებს მიაწოდა ინფორმაცია მრჩეველთა საბჭოს შესახებ, რომელიც შეიქმნება სკოლაში და პასუხისმგებელი იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. საბჭოს უშუალო ფუნქცია იქნება სკოლაში ბულინგისა და ძალადობის პრევენცია.
სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრები განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს იმ თანმდევი ცვლილებების დაგეგმვას, რომელიც რეფორმას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.