21 თებერვალს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა, კინოთეატრ რუსთაველის წინ კი მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსადა რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთაკავშირების წევრია.
გადაღებული აქვს 11 ფილმი: ,,ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; “ნეილონის ნაძვის ხე” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან–პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); "საქორწილო საჩუქარი"; "წისქვილი ქალაქის გარეუბანში"; “ერთი ნახვით შეყვარება” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); "წკიპურტები"; “ყოველ შაბათს” (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); "წამზომი"; "ოთხი ფურცელი"; "ფრო"; “ერთხელ”;
შესრულებული აქვს 10 მთავარი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორების ფილმებში.აღსანიშნავია ვარლამი (“ქალაქი ანარა”, გრან–პრი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გაბროვოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); მეკურტნე გიო (“თბილისი – პარიზი – თბილისი”); მედუქნე გასპარა და მწყემსი სოსიკა (“ზოგი ჭირი მარგებელია”), ლეონარდო და სხვა.
ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი... მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.