საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მე-2 ფაზის განხორციელების მაკოორდინირებელ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაქირავებულმა პროექტის განმახორციელებელმა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და მიზნობრიობის კვლევის განმახორციელებელმა ექსპერტებმა, სამუშაო ჯგუფის წევრებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
სხვა საკითხებთან ერთად სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შექმნიდან 10 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების მოსამზადებელი აქტივობების განხორციელების საკითხები, როგორიცაა ევროკომისარების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არაფორმალური მინისტერიალი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ მინისტერიალს ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის და აღმოსავლეთ პარტნიორობის განათლების მინისტრების მონაწილეობით. ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, მოხდება ევროპული სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული ღონისძიების ინაუგურაცია, კაფსულის ჩადება ლისის ტბასთან გამოყოფილ ნაკვეთში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ინიციატივით და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოში დაარსდება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველი უნიკალური რეგიონალური მნიშვნელობის მქონე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა“. ევროპული სკოლის საქართველოში დაფუძნების საკითხი ევროკავშირის მიერ შემუშავებული „2020 წლისათვის 20 ძირითადი მიზნების“ მე-20 მიზანს წარმოადგენს.