11-14 მარტს, მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში, იმართება ხელოვნებისა და კულტურის მე-8 მსოფლიო სამიტი, რომლის მთავარი თემაა „მობილური გონება: კულტურა, ცოდნა და ცვლილება“. აღნიშნულ ღონისძიებას სპიკერის რანგში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრება.
სამიტის მონაწილეები განიხილავენ კულტურის სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. ეს პროცესი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, კულტურისა და შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და პრაქტიკოსების თანამშრომლობით წარიმართება. სამიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები მონაწილე ქვეყნების მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ხელოვნებისა და კულტურის მე-8 მსოფლიო სამიტი მალაიზიის კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სამინისტროს, ხელოვნების საბჭოებისა და კულტურის სააგენტოების საერთაშორისო ფედერაციისა (IFACCA) და პროგრამის მრჩეველთა საერთაშორისო კომიტეტის (IPAC) ორგანიზებით იმართება. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები,ხელოვნებისა და კულტურის სექტორის მკვლევრები,დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული პირები.