განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და დაგეგმილი პროექტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა.
ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდის მზაობას კვლავ აქტიურად გააგრძელოს თანამშრომლობა სამინისტროსთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) შორის არსებულ თანამშრომლობას ზოგადი განათლების სისტემის კომპლექსური და მრავალვექტორიანი შეფასების განხორციელებაზე. მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექპსერტთა მისიის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის შეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსია.
სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლამდელი განათლების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისათვის, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა პროექტების საშუალებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახორციელებს.