საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე და UEFA-ს ჰედტრიკის პროგრამების ხელმძღვანელი ჯოზეფ კლიმენტი ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებს შორის მიმდინარე საფეხბურთო ტურნირს დაესწრნენ.
ტურნირი მოსწავლეთა შორის საქართველოს მასშტაბით უკვე მეოთხე წელია ტარდება. წელს ”სკოლბურთი” 7 მაისს დაიწყო და სავარაუდოდ, 27 ივნისს ტრადიციულად ბათუმში დასრულდება. მასში საქართველოს მასშტაბით 73 რაიონის 1150 სკოლაა ჩართული. შესარჩევი ტურნირები 3 ეტაპად გაიმართება. მესამე დასკვნით ეტაპზე 16 გუნდი (თბილისის 5 და რეგიონების თითო) მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე გაემგზავრება.
“სკოლბურთის” მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ”საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია”.
2009 წელს საქართველოს ჩემპიონმა წალენჯიხის რ-ნის სოფელ ლიას საჯარო სკოლის გუნდმა თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნეზე I ადგილი დაიკავა, 2008 წელს აბროლაურის №1 საჯარო სკოლის გუნდმა თურქეთის საერთაშორისო ტურნეზე III ადგილი დაიკავა, 2007 წელს ესპანეთში, ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა ”კოსტა ბრავას თასის” სახელობის ევროტურნირზე II ადგილი მოიპოვა, ფეხბურთელი ცოტნე სამუშია კი ტურნირის ბომბარდირად აღიარეს.