ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.
გამოფენის პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც ეთმობა, სადაც სააგენტოს თანამშრომლები ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისტომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამას - „ვხატავთ ფიროსმანს“ წარმოადგენენ.
გამოფენა, რომელიც ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნა და 5 თვეს გასტანს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ესტონეთის ეროვნული მუზეუმისა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.