საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მსოფლიო რანგის მეცნიერის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიური პრემიების მრავალგზის ლაურეატისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი მელიქიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ სიტყვით მიმართა.
გიორგი მელიქიშვილმა ქართული მეცნიერების მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად გაიტანა, რამაც ქართული საისტორიო მეცნიერების აღმავლობაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. მისმა ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. ასურული და ურარტული წერილობით წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების — კოლხას და დიაოხის — ისტორიის საკითხები.
აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის სახელობის პრემია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ 2010 წელს დააარსა.