საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ამერიკული მხარის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ირინა აბულაძე სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი პრეზიდენტი ქალის, ადელა დე ლა ტორეს ინაუგურაციას დაესწრო. ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა დე ლა ტორემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გია შარვაშიძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომელიც მიზნად ისახავს სან დიეგოს უნივერსიტეტთან უწყვეტ თანამშრომლობას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დასრულების შემდეგ.
„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, მინდა მადლობა გადავუხადო სან დიეგოს უნივერსიტეტს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და ამერიკელ ხალხს ამ შესაძლებლობისთვის. მოგეხსენებათ, დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება და სწორედ ეს გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის მთავარი მიზანიც.“- განაცხადა ირინა აბულაძემ.