თბილისის 150-ე საჯარო სკოლა მეორე წელია მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში, რომელიც ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას. პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ გაკვეთილებს დღეს, იუნისეფის რეგიონული დირექტორი, ავშან ხანი, ესტონეთის ელჩი საქართველოში, კაი კაარელსონი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ესტონური პროექტი წარმატებით შეერწყა „ახალი სკოლის მოდელს“ და იმ ინოვაციურ მეთოდებს, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში, ასევე დაინერგა 150-ე სკოლაში. ეს სკოლა ერთ-ერთი პირველია იმ 50 სკოლას შორის, სადაც პროექტი ინერგება. ახალი მოდელი 2023 წლამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლას დაფარავს.