განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ წარმომადგენლებს შეხვდა და კოლეჯის რამდენიმე კურსდამთავრებულს „პირსონის“ საერთაშორისო სერთიფიკატი გადასცა. მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღიარებული სერთიფიკატის მფლობელები, „პირსონის“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ჰაერის კონდიცირების პროფესიას დაეუფლნენ. ავტორიზებული საერთაშორისო პროგრამები კოლეჯის ორმოცდაათამდე კურსდამთავრებულმა სხვადასხვა პროფესიაში გაიარა, ყველა მათგანი Pearson-ის სერთიფიკატს ეტაპობრივად მიიღებს.
კოლეჯს წარმატებით აქვს გავლილი ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის BTEC ავტორიზაცია და ახორციელებს სწავლებას Pearson-ის საერთაშორისო აღიარების 4 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - შედუღება, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება და წყალმომარაგება/წყალარინების სიტემების ექსპლუატაცია.
პროფესიული სასწავლებელი სხვა არაერთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული: ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კოლეჯში რამდენიმე პროგრამაა დანერგილი, მათ შორის ინკლუზიური სწავლების მიმართულებით, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) აქტიური მხარდაჭერითა და კომპანიების „კაპაროლი“, „კნაუფი“ და „ჰაიდელბერგცემენტი“ ჩართულობით, სპექტრში ერთობლივი პროგრამები, სტანდარტები და სილაბუსები შემუშავდა ინჟინერიის მიმართულების 5 პროგრამაზე, განხორციელედა პროფესიული განათლების პედაგოგების გადამზადება, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, გარემონტდა და აღიჭურვა სასწავლო ლაბორატორიები, შეიქმნა სახელმძღვანელოები ელექტრიკოსის, შემდუღებლის, თაბაშირმუყაოს, მებათქაშის და მღებავის პროგრამებისთვის.
კოლეჯს მინიჭებული აქვს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM „გზა სრულყოფილებისაკენ“ მოდელის სერთიფიკატი.