განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. სანაპიროს 4) საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალთან - CinéDOC-Tbilisi დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას კინოფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერი ორგანიზაციების წამომადგენლები უძღვებოდნენ.
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით წელს მეშვიდედ გაიმართება. ფესტივალს კინოთეატრი „ამირანი“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებს. CinéDOC-Tbilisi 8 მაისს, 20:00 საათზე, სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით „თაფლის მიწა“ გაიხსნება.
„დააკავშირე ფიქრები“ – ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს: რეჟისორი ფოკუსში (ფრანგი კინორეჟისორი ნიკოლა ფილიბერი), უპირობო სიყვარული, რწმენის მიღმა, წითელი სული, ჩვენ და ჩვენი პლანეტა, ადგილი, რომელსაც ვუწოდებთ სახლს, ოჯახური პორტრეტები, კონფლიქტის შემდეგ, მარად ახალგაზრდა, ცვალებადი ქალაქები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადაპტაცია.
წლევანდელი ფესტივალის „სტუმარი ქვეყანა“ უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი, კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.
ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმების ჩვენებების შემდეგ მაყურებელს რეჟისორები, პროდუსერები, პროტაგონისტები შეხვდებიან და კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიას გამართავენ. დაგეგმილია მასტერკლასები და ტრენინგებიც.
CinéDOC-Tbilisi 13 მაისს საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების გამოვლენის და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.
წელს ჟიურის წევრები არიან:
საერთაშორისო კონკურსში: ონდრეი კამენიცკი – ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის, One World-ის დირექტორი (ჩეხეთი), მარიამ ჭაჭია - ქართველი კინორეჟისორი (საქართველო), კენან ალიევი - Current Time TV-ს მთავარი რედაქტორი.
Focus Caucasus: პეტრა სელისკარი - პროდიუსერი და კინორეჟისორი (სლოვენია), ჩილა კატო - პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Astra Film Festival (რუმინეთი), ტუე სტინ მულერი - ცნობილი კინოკრიტიკოსი.
საპატიო სტუმრები:
თბილისში ფესტივალის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდება საქართველოსა და კავკასიის სხვა რეგიონებშიც, კერძოდ, დაგეგმილია 120 კინოჩვენება.
ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, Doc Lounge შვედეთი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, უნგრეთის საელჩო თბილისში, მულტიმედია განათლების ცენტრი, კავკასიური სახლი, „ღვინის ბაღი“ მარჯანიშვილზე, სასტუმრო „იბისი“, „ვიზეარი“, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ (www.biletebi.ge), ისე კინოთეატრ ამირანსა და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში.