01.06.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, სამინისტროში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვთა ნამუშევრებს ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, ამერიკის საბჭოების, მშვიდობის კორპუსის, USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ.
თბილისის მე-4, 21-ე, 47-ე, 55-ე, 123-ე, 154-ე და 178-ე საჯარო სკოლების მოსწავლეთა: სულხან ფიცხელაურის, ანასტასია ახვლედიანის, ხატია პაპიძის, გიორგი სისაურის, ჩიმგიზ ყურბანოვის, ანი გეგეჭკორისა და გიორგი გოგნელაშვილის მხატვრულმა ტილოებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით სამინისტრო იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყველა ნიჭიერ ბავშვს საშუალება ექნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ყოველთვიურად გამართოს თავისი ნახატების გამოფენა. ნებისმიერი ფორმით ნიჭიერ ბავშვთა წახალისება ზრდის მათ მოტივაციას და ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენასა და სტიმულირებას.