მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან დუმბაძე, დედაქალაქის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის პარტნიორი საელჩოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 17-21 მაისს გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, დრამატურგები და პროზაიკოსები აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიებები გაერთიანდება ერთი თემის ქვეშ, სახელწოდებით - „გაორება“. პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება მწერალთა სახლში და მათზე დასწრება ტრადიციულად, უფასოა.
საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე (http://tbilisilitfest.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე.