საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღებას იწყებს. თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია 15 მაისიდან ექვს სახელმწიფო საგანამანთლებლო დაწესებულებაში დაიწყება და პირველ ეტაპზე კოლეჯები 400-მდე მსურველს მიიღებენ.
პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე www.vet.emis.ge. ახალი პროგრამებისა და მათზე რეგისტრაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე მუდმივად განთავსდება.
პირველ ეტაპზე სამინისტრო დაინტერესებულ პირებს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო დაფინანსებით შესთავაზებს. სახელმწიფო სასწავლებლები პროგრამებს კერძო სექტორთან თანამშრომლობით განახორციელებენ. ივნისიდან მოკლევადიან პროგრამებს დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სფეროებში კერძო კომპანიებიც შესთავაზებენ.
პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს მიიღებენ.
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები ხელს შეუწყობს როგორც ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებას, ასევე, მათი დასაქმების შესაძლებლობას და კერძო სექტორის მოთხოვნების სწრაფ დაკმაყოფილებას.