განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კომპლექსური რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ განათლების რეფორმა, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, სისტემის სრულ ტრანსფორმაციას მოახდენს:
,,რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ის, რაზეც თვეების განმავლობაში ვიმუშავეთ. ეს გახლავთ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია მასწავლებლების კვალიფიკაციისა და ანაზღაურების ზრდასთან. ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით ჩვენს კვალიფიციურ პედაგოგებს, რომ მათი პროფესია იყოს პრესტიჟული, საქმიანობა კი – მაქსიმალურად დაფასებული.
მოგეხსენებათ, 50-ზე მეტ სკოლაში უკვე მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო პროცესებში, რათა სწავლება უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას მოსწავლეებში. ამით მათ შეეძლებათ წარმატებით მიიღონ 21-ე საუკუნის ყველა გამოწვევა! ცხადია, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოება სკოლებში! ამ მიმართულებით დაგეგმილია და პროცესშია ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც უმოკლეს დროში კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასამმაგდა ბიუჯეტი და ეს ტენდენცია ყოველწლიურად შენარჩუნდება იმისათვის, რომ ჩვენი შვილები განათლებას თანამედროვე, ჯანსაღ გარემოში იღებდნენ, ჰქონდეთ წვდომა ახალ ტექნოლოგიებთან, მაქსიმალურად იყოს დაცული მათი უსაფრთხოება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი