21 მაისს მსოფლიო კულტურული განვითარების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ტრადიციულად სხვადასხვა სახის ღონისძიებით უერთდება. თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ ჰოლში“ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურმა დასმა კონცერტზე მისულ სტუმრებს პროგრამა – „მსოფლიო ხალხთა ცეკვები“ წარუდგინა.
ღონისძიებას საქართვლოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს მთავრობის, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური ხელშეწყობით, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.
2001 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კულტურული მრავალფეროვნების განვითარების საყოველთაო დეკლარაცია შეიმუშავა, რის საფუძველზეც 2002 წლის 21 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, ყოველი წლის ამ დღეს აღნიშნონ კულტურული მრავალფეროვნების დღე დიალოგისა და განვითარებისთვის. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ხაზს უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას მსოფლიოს ხალხთა ჰარმონიული ცხოვრებისათვის.