21 მაისს პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს სკოლის მოსწავლეები თბილისს ესტუმრნენ და დედაქალაქში სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებისა და ცენტრსა და რეგიონებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ახალგაზრდები იმყოფებოდნენ მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების სასახლეში, მწერალთა სახლში, სადაც თბილისის საერთაშორისო ფესტივალის დახურვას დაესწრნენ და თბილისის საკონცერტო დარბაზში „ივენთ ჰოლში“, სადაც მრავალფეროვნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ანსამბლ სუხიშვილების კონცერტი „მსოფლი ხალხთა ცეკვები“ იხილეს.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით 22 აპრილიდან ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.