1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელმა 2016-2019 წლებში პროფესიული განვითარების კურსი - „ლიდერობის აკადემია“ გაიარეს. კურსის მონაწილეებს დღეს შესაბამისი სერტიფიკატები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გადასცა.
პროფესიული განვითარების პროგრამა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტია და იგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.
ტრენინგები სკოლის დირექტორებს დაეხმარა გაეუმჯობესებინათ თავიანთი კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება; სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა; გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.