26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღე მიეძღვნა ცოდნას, როგორც ადამიანის მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.
გააზიარე ცოდნა - ამ გზავნილით, 26 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, მის დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებმა და სპორტულმა ფედერაციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, შინდისში, ახალქალაქსა და მარნეულში) მრავალი საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო, შემეცნებით-გასართობი და სპორტულ ღონისძიება გამართეს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტებმა, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წარმოადგინეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობა, მათ შორის - არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია, ქიმიურ ექსპერიმენტები, ნაჩვენები იყო შუა საუკუნეების საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის პროცესი, საზოგადოებამ იხილა „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული ახალგაზრდების გამოგონებები, გამოიფინა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი წიგნები.
რუსთაველის გამზირზე, თეატრალური უნივერსიტეტისა და რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარმოდგენილი იყო არაერთი კულტურული ღონისძიება. მათ შორის - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ მოაწყო სამხატვრო კაფე / სახელოსნო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კი კულტურული მემკვიდრეობის კაფე/სახელოსნოში დამთვალიერებელს გააცნო მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, ვირტუალურ-შემეცნებითი ტურები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ა.შ. ასევე, მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა, თბილისის გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა კი წარმოადგინა სპექტაკლი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ასევე მოეწყო მხატვარ ანკა კალატოზიშვილისა და თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.
რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინა 15 საინფორმაციო პილონი, რომლებმაც საზოგადოებას ახალგაზრდა ქართველი წარმატებული ხელოვანები გააცნო.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამინისტროს ორგანიზებით წარმოდგენილი იყო სპორტული აქტივობები - ფარიკაობა, ძალოსნობა, სამაგიდო თამაშები, სპორტული ავტომობილების გამოფენა, ქუჩის კალათბურთი, ხელბურთი და სხვა. ამ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტმა, ზურაბ ჟვანიას სკოლამ წარმოადგინეს არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია, გეოგრაფიული ვიქტორინები, სახალისო ექსპერიმენტები ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით, ჰოლოგრამებისა და რობოტების FABLAB ATSU-ს ნაკეთობები, სამეცნიერო ლიტერატურა-მონოგრაფიების გამოფენები და ა.შ.
ქუთაისში, ასევე, პროფესიულმა კოლეჯებმა დამთვალიერებელს შესთავაზეს თავიანთი სასწავლო პროგრამების შესაბამისი აქტივობები, კერძოდ, გაიმართა ბარმენთა და კულინარიული შოუ, 3 და 2 განზომილებიანი გრაფიკის ნამუშევრებისა და ტიხრული მინანქრის ნაკეთობების გამოფენები. ასევე არაერთი სახალისო აქტივობა ბავშვებისთვის. მათ შორის - საბავშვო გმირებისა და დრამერების შოუები, სტამბის პერფორმანსები და სხვა.
გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ შინდისში კი გაიმართა ფალავნობა - ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა - ტრადიციული ტურნირი ყოველ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად ტარდება. ტურნირის მონაწილეებმა და ჩასულმა სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს შინდისის გმირთა მემორიალი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის ორგანიზებით, 26 მაისს, ახალქალაქსა და მარნეულში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის - თეატრალური წარმოდგენები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები.
გარდა ამისა, სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს 10 ქალაქში (ახალციხე, ოზურგეთი, თელავი, გორი, მესტია, ამბროლაური, ფოთი, ზუგდიდი, მარნეული, ახალქალაქი) დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტები გაიმართა.