საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე უსაფრთხო სკოლების მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ. კონფერენცია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ნორვეგიისა და ესპანეთის მთავრობების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ესპანეთის ქალაქ პალმა დე მალიორკაში იმართება.
საერთაშორისო კონფერენციაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.
კონფერენციაში მონაწილეობენ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელი, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორე, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებზე, ასევე დასავლეთის ქვეყნების მთავრობების, ასევე, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლები.