განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონელ ექსპერტებს - პოლონეთის ნარკო-პრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკას და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ქშიშტოფ ოსტაჟევსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც სკოლებში უსაფრთხოებისა და ფსიქო-სოციალურო კუთხით მუშაობის გაძლიერებას, ასევე ანტინარკოტიკული კამპანიისა და მასთან დაკავშირებული პრევენციულ ღონისძიებებს , რომელსაც მანდატურის სამსახური პოლონელი ექსპერტების ჩართულობით განახორციელებს.
პოლონელმა ექსპერტებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ განათლების სისტემური რეფორმის ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია:
„ვფიქრობთ, რომ მიმართულება რომელიც უკვე არჩეული გაქვთ, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოზიტიური სკოლის კლიმატი და უსფართხო გარემო ძლიერი დამცავი ფაქტორია. ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ არჩეულ მიმართულებებს“ - განაცხადა პროფესორმა ქშიშტოფ ოსტაჟევსკიმ.
პოლონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 4 დღიანი ვიზიტის განმავლობაში, უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და არასრულწლოვნებთან მიმართებაში, საქართველოს ნარკო-პოლიტიკას გაეცნენ.
ბოგუსლავა ბუკოვსკამ და კრისტოფ ოსტაჟევსკიმ დიდი წვლილი შეიტანეს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტი-ნარკოტიკული კამპანიების განხორციელების პროცესში. შესაბამისად, მათი ექსპერტული გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.