„უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კონფერენცია “Expert to Expert Talks" გახსნა.
კონფერენციაზე, რომელსაც 150-მდე ექსპერტი და მოწვეული სტუმარი ესწრება, პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხები განიხილავენ. 22 გერმანელი ექსპერტი ქართველ კოლეგებს პროფესიული განათლების ახალი უნარების მიმართულებით გამოცდილებას უზიარებს, რაც ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს.
მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მინისტრმა ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია ქვეყნისთვის, რადგან პროფესიული განათლების ხელშეწყობა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, დასაქმების, მოქალაქეების თვითრეალიზებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.
„ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის უნარს - მუდმივად ვითარდებოდეს, ქმნიდეს დოვლათს, ზრდიდეს პროდუქტიულობას და იყოს კონკურენტუნარიანი, არის კვალიფიციური და ეფექტური სამუშაო ძალა. კვალიფიციური და ეფექტური სამუშაო ძალის ფორმირება კი შეუძლებელია ხარისხიანი, მოქნილი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, ცვლილებების მიმართ ღია და ადაპტური საგანმანათლებლო სისტემის გარეშე.
თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო მეტად აქცენტირებულია „მომავლის უნარებზე“. ამ ტენდენციის გამოძახილია ჩვენი ღონისძიების დასახელებაც - „უნარები საქართველოსთვის“, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების, როგორც მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე სფეროს პოპულარიზაციას. პროფესიული განათლების ფარგლებში გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა სწორედ ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის აქტუალური უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული“ - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემამ მიაღწია თავდაუზოგავი შრომითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით.
მინისტრის თქმითვე სამინისტროს კარგად აქვს გააზრებული პროფესიული განათლების უმთავრესი პრინციპი - საჯარო-კერძო პარტნიორობა. როგორც ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც პროფესიული განათლების წარმატებაზე საუბარი დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც კერძო სექტორმა გადადგა ქმედითი ნაბიჯები და გარკვეულწილად გაიზიარა ამ სფეროზე პასუხიმგებლობა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების როლს საქართველოში დუალური სწავლების ელემენტების დანერგვის მიმართულებით.
„ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემამ წარმატებით უნდა უპასუხოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გამოწვევებს, რომლის შედეგად, ქართველი ახალგაზრდები კონკურენტუნარიანები იქნებიან არა მხოლოდ ქვეყნის შრომით ბაზარზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ თვალსაზრისითაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის გამოცდილების გაზიარება და იმედს გამოვთქვამთ, რომ წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ეტაპებიც“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.