შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" დაიწყო. კამპანია სიმბოლურად 18 დღე გაგრძელდება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე შედეგებისა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება კამპანიაში. ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელდება საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, რესურსცენტრების წარმომადგენლებთან, სადაც აქცენტები გაკეთდება იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, პრევენციული ღონისძიებები, მოსწავლეების დატვირთვა ფორმალური და არაფორმალური აქტივობებით და სხვ.