„უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარებისთვის, 23 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა:
„პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში 1200 მსმენელზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური ცენტრი აშენდება. პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში შეიქმნება მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც იქნება ინოვაციური კონცეფციის მქონე მულტიფუნქციური ჰაბი და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ე.წ. „მომავლის უნარების“ განვითარების, ახალი ტიპის საგანმანათლებლო სერვისების ჩამოყალიბების, ასევე საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების გაჩენის მიმართულებით“ - განაცხადა მინისტრმა.
უმნიშვნელოვანესია, რომ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმდინარე წელს ხუთწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც თბილისში, დიდ დიღომში, 1200 მსმენელზე გათვლილ მაღალტექნოლოგიური ცენტრის (Centre of Excellence) მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ასევე თანამედროვე ტიპის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.
პროქტის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან სართაშორისო ექსპერტები და კონსულტანტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებო პროგრამებისა მომზადებას. ასევე, მათ მიერ შემუშავდება ცენტრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს ცენტრის შემდგომი ფუნქციონირების მდგრადობას.
ცენტრის ფუნქციონირება განსაკუთრებულ როლს მშენებლობისა და ლოგისტიკის მიმართულების განვითარებაზე შეასრულებს, როგორც შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადების მიმართულებით, ასევე ჰაბ სერვისების შეთავაზების გზით. მულტიფუნქციურ ცენტრში განხორციელდება, მაღალი ხარისხის, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადიპლომო და მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები მშენებლობისა და ლოგისტიკის მიმართულების.
განახორციელებს ასევე მნიშვნელოვან საქმიანობას ჰაბ მომსახურების მიმართულებით, იმუშავებს ახალი უნარების იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტების შემუშავების, მასწავლებელთა ტრენინგების მიმართულებით.
კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშროლობით განხორციელდება ახალი პროგრამებისა და მიდგომების პილოტირება. არსებითია ის ფაქტი, რომ ცენტრის ფუნქციონირების წარმატება დაკავშირებული იქნება სწორედ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობასთან.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ცენტრი უზრუნველყოფს სამშენებლო და ლოგისტიკის მიმართულებით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების განვითარებას და დაწესებულებების ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვას. პროექტის ფარგლებში 3 მილიონი ევრო მოხმარდება სწორედ პარტნიორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვას, რომელთაც ექნებათ რეგიონალური წარმომადგენლების როლი.