11-13 ივნისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, იულიხის სამეცნიერო - კვლევით ცენტრში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 12 ივნისს ფონდის გენერალური დირექტორი შეხვდა იულიხის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერს, ნეირომეცნიერების და მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორებს, პროფ. ბერნდ ნოიმაიერს და პროფ. ჯონ შააჰს, ენერგიისა და კლიმატის კვლევების დირექტორს, იულიხის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარეს, პროფ. ასტრიდ კინდლერ-შარს და დირექტორს პროფ. ანდრეას ვანერს, ასევე იულიხის ცენტრის მეცნიერ თანამშრომლებს პროფესორ ანდრო კაჭარავას, პროფ. ირაკლი ქეშელაშვილს, იულიხის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერ ევა პორტიუსს; შეხვედრაზე ისაუბრეს იულიხის ცენტრსა და საქართველოს, რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე მიმდინარე ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიაზე, მასშტაბური ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე; განიხილეს ქართველ და გერმანელ ახალგაზრდა მეცნიერებს შორის სამეცნიერო ხიდის (Science Bridge) შექმნის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ იულიხის სამეცნიერო ცენტრი არის უდიდესი გერმანული ფონდის „ჰელმჰოლცის“ ქსელის წევრი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იულიხის ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. ჩატარდა პრეზენტაციები ატომური ამაჩქარებლებისა და სმარტლაბების შესახებ; ახალგაზრდული ლაბორატორიის პრეზენტაცია; ზვიად გაბისონია შეხვდა გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, ისაუბრა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმაზე.