20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პროექტის - „ხელოვნება სკოლებში“ შეამაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
„ხელოვნება სკოლებში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. პროექტი განათლების რეფორმის - „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და 67 სკოლას მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ეროვნულ მუზეუმში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ, პროექტის ორგანიზატორები, მონაწილე ბავშვები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელები. პროექტის მონაწილე ბავშვებისთვის მოეწყო ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ტური, დაჯილდოების ცერემონია, სადაც პროექტის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულ ბავშვებს გადაეცათ სხვადასხვა პრიზები, მოგვიანებით კი სპეციალურად მათთვის თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებაც გაიმართა.
პროექტი „ხელოვნება სკოლებში“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. მიმდინარე წლის სექტემბრიდან „ხელოვნება სკოლებში“ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და საქართველოს ყველა სკოლას გააერთიანებს.