საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიები 94 ქართველ ახალგაზრდას გერმანიაში სწავლისა და კვლევის მიზნით საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
რამოდენიმე კვირაში ახალგაზრდა მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების დოცენტები 2010/2011 სასწავლო წლისათვის გერმანიაში გაემგზავრებიან, რათა იქ, გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში ისწავლონ, ჩაატარონ კვლევები და დაამყარონ კავშირები თავიანთ გერმანელ კოლეგებთან.
გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური/DAAD წარმოადგენს გერმანიის უმაღლესი სკოლების ერთობლივ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უცხოეთთან აკადემიურ ურთიერთობებს, უპირატესად სტუდენტთა და მეცნიერთა გაცვლის გზით. ამ მიზნით DAAD-ი 200-ზე მეტ ცალკეულ პროგრამას ახორციელებს. ისინი ხელმისაწვდომია ყველა დარგის როგორც უცხოელი, ასევე გერმანელი სპეციალისტისათვის. მთლიანობაში 60.000 უცხოელი თუ გერმანელი სტიპენდიანტით DAAD-ი მსოფლიო მასშტაბით აკადემიური გაცვლის უდიდეს ორგანიზაციას წარმოადგენს.
საქართველოში DAAD-ის სამი ლექტორი მოღვაწეობს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში.