საქართველოსა და ევროპას შორის საგანმანათლებლო-კულტურული პროექტების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ესეების რამდენიმე კონკურსში გამარჯვებული 28 მოსწავლე დააჯილდოვეს, რომელთაც სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადასცეს.
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ევროპის საბჭომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ესეების კონკურსი „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?” მიმდინარე წლის 22 თებერვალს, IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამოაცხადეს.
კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, სადაც შეეცადნენ, წარმოეჩინათ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.
გზამკვლევების კონკურსის „მინდა გაგაცნო საქართველო“ მონაწილე მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში ბლოგების სახით საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის გზამკვლევები შექმნეს. კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეებს ინფორმაცია მოეძიათ და ცოდნა გაეღრმავებინათ ქართული კულტურის, როგორც ევროპული კულტურის ნაწილის შესახებ. კონკურსი ემსახურებოდა ასევე მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
ესეების მესამე კონკურსი სამინისტრომ მოსწავლეებისთვის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩაატარა, რომელიც დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეებს ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესწავლის საფუძველზე წარმოედგინათ დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი კრებისადმი მიძღვნილი ესე, რაც მათ მისცემდა შესაძლებლობას თავიანთი დამოკიდებულების გააზრებასა და წარმოჩენას სახელმწიფოებრიობის პროცესში პარლამენტარიზმის როლის შესახებ. ასევე, მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების დაინტერესება და ცნობადობის ამაღლება საქართველოს პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების შესახებ.
საკონკურსო კომისიის მიერ თითოეულ კონკურსში 7-7 საუკეთესო I, II, III ადგილზე გასული ნაშრომების ავტორები და დამატებით ჟიურის 4-4 რჩეული ნაშრომი, სულ 28 გამარჯვებულული მოსწავლე გამოვლინდა, რომელთაც სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ. მათგან „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?” კონკურსში პირველ ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი 2019 წლის ოქტომბერში სტრასბურგში გაემგზავრება.