საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის შედეგები გააცნეს.
2010-2011 სასწავლო წლისთვის სამინისტროს მიერ იანვარში გამოცხადდა კონკურსი მე-4, მე-5, მე-8, მე-11 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებზე. კონკურსში მონაწილეობდა 32 გამომცემლობის 120 სახელმძღვანელო. კონკურსის შედეგად, გრიფი მიენიჭა 77 სახელმძღვანელოს, ხოლო გრიფი ვერ მიიღო საკონკურსო წიგნების დაახლოებით 40%-მა.
როგორც ცნობილია, 2010 წელს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები. დაიხვეწა საკონკურსო პროცედურები, მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოების ტექნიკური პარამეტრები და სახელმძღვანელოს შეფასების პროცედურა და მეთოდიკა. სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საგნობრივი ექსპერტები, ასევე მოწვეული ექსპერტები სხვადასხვა აკადემიური წრეებიდან და სკოლების პედაგოგები.
სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის ძირითადი არსია სკოლებისა და მოსწავლების უზრუნველყოფა ხარისხიანი სახელმძღვანელოებით და ზოგადად სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.