10 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა ზვიად გაბისონიას მრავალმხრივ წარმატებულ მოღვაწეობაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში და მას ამ საპატიო წოდების დამსახურებული მინიჭება მიულოცა, მომავალი წარმატებები უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები. შეხვედრა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ხონელიძემ.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ აუდიტორიას წარუდგინა ხედვა განათლებისა და მეცნიერების სფეროს კომპლექსური რეფორმის შესახებ, ისაუბრა მეცნიერების ინსტიტუციონალურ, სამართლებრივ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რეფორმის პრიორიტეტებზე, გამოყენებითი და მიზნობრივი კვლევების, ასევე ინტერდისციპლინური, ინტერინსტიტუციონალური ინტეგრირებული კვლევების მნიშვნელობაზე; აღნიშნა, რომ მეცნიერების განვითარების 5 პრიორიტეტულ მიმართულებას შორის კვლავ განსაკუთრებული როლი ენიჭება ქართველოლოგიას, საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებს, კვლევებს, მითუმეტეს, დღევანდელი მცოცავი ოკუპაციის პირობებში; ფონდის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველოლოგიური კვლევების პროგრამული დაფინანსების გაზრდის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა იქნება. აღნიშნა, რომ რუსთაველის ფონდის მიერ ადმინისტრირებული კონკურსებზე წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევების შეფასების სისტემა მაღალ ევროპულ, ERC-ის და Horizon 2020-ის სტანდარტებს დაუახლოვდება. ზვიად გაბისონიამ უპასუხა აუდიტორის მრავალრიცხოვან შეკითხვებს, გაეცნო მათ მოსაზრებებსა და საქმიან წინადადებებს მეცნიერების რეფორმის, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით.