11 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. დ. უზნაძის №52-ში) „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა ჯეისონ ლიმ და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა 3 წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
მემორანდუმი მიზნად ისახავს კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას.
მემორანდუმის ფარგლებში „სამსუნგი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიებს გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიცო ფორმებიც. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ორგანიზებით, გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია უამრავ წარმატებას და თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად, NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული. 135 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.
„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა; „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხარებლებისათვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსათვის. ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „სამსუნგი“ ქართველი ხალხისა და მომავალი თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს.