12 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს #4) რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდნენ.
14-29 ივლისს რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ გაიმართება და მასში მონაწილებას მიიღებს 17 რეგიონული პროფესიული სახელმწიფო თეატრი და თეატრალური დასები უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ირანიდან და სერბეთიდან.
იუბილეს ფარგლებში ფესტივალს მასპინძლობს საქართველოს 13 ქალაქი. ფესტივალი საზეიმოდ 14 ივლისს თბილისში სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ხოლო ქალაქი ფოთი ფესტივალის ბოლო კვირას უმასპინძლებს.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფოთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ორგანიზებით იმართება.