საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტის EIC Roadshow-ს ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს გამოყენებით კვლევით პროექტებზე მომუშავე კვლევითმა ჯგუფებმა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) წარმომადგენლებმა, ნანოტექნოლოგიებზე, კლიმატური ცვლილებებზე მომუშავე SMEs/start-ups-ებმა, „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის საკონტაქტო და სხვა დაინტერესებული ჯგუფებმა.
საინფორმაციო დღეზე, ევროპული ინოვაციების საბჭოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) მიზნები, დაფინანსების ინსტრუმენტები და მასში მონაწილეობის წესები გააცნეს.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC) მიზნად ისახავს, კონკურსის წესით, ისეთი ამბიციური, კოლაბორაციული კვლევითი პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მიზანია რადიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, ასევე გამრღვევი და დამანგრეველი ხასიათის მქონე ინოვაციების ფინანსური და მათი პოტენციალის მასშტაბირების მხარდაჭერა, რადგან ამგვარი ინოვაციები კერძო ინვესტორებისთვის მაღალი რისკის მატარებლები არიან. ევროპული ინოვაციების საბჭო თავისი არსით one-stop-shop სერვისების მიმწოდებელი იქნება.
ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC) ინოვატორებს დაეხმარება როგორც მომავლის ბაზრების შექმნაში, ასევე კერძო ფინანსების მართვასა და მათი კომპანიების მასშტაბირებაში.
ევროპული ინოვაციების საბჭო საკუთარ მიზნებს განახორციელებს დაფინანსების ორი ინსტრუმენტით: EIC Pathfinder და EIC Accelerator.
EIC Pathfinder გასცემს გრანტებს ტექნოლოგიური მზაობის ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიებისთვის, პრე-კომერციალიზაციის ეტაპამდე. ხოლო EIC Accelerator გასცემს გრანტებს და ე.წ. Blended finance (პრე-კომერიცალიზების ეტაპიდან ბაზრამდე და შემდგომ, მასშტაბირების ეტაპზე მყოფი პროექტებისთვის).
EIC Pathfinder-ის პილოტი, კონკურსის წესით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ამბიციურ კოლაბორაციულ კვლევით პროექტებს, რომელთა მიზანია რადიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება.
EIC Accelerator-ის პილოტი განკუთვნილი იქნება კომპანიებისა და start-up-ებისთვის, რომელთაც აქვთ, ბაზარზე გასვლის ბიზნეს გეგმით გამყარებული, რადიკალურად ახალი, მაღალი რისკის მატარებელი და ე.წ. non-bankable იდეები.