17 ივლისს ბრიტანეთის საბჭომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შემოქმედებითი ნაპერწკლის კონკურსის „Big Idea Challenge“-ის ნაციონალური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრებოდა. მან კონკურსის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელშიც ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ბრიტანეთის საბჭოს პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ და ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსი „Big Idea Challenge” სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ლევან ხარატიშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საბჭოს მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობისთვის და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. მისი თქმით, ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოში კრეატიული ეკონომიკის განვითარებას. შედეგად, ახალგაზრდები იმ ცოდნასა და უნარებს შეიძენენ, რომელთა საშუალებითაც კონკურენტუნარიანები გახდებიან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. „Big Idea Challenge” და მისი მსგავსი პროგრამები ასევე შეუწყობს ხელს ქართულ-ბრიტანული საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას.
„Big Idea Challenge” საშუალებას აძლევს კონკურსანტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან, თავიანთი ინოვაციური იდეები გააცნონ ფართო საზოგადოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსი ვიდეოფიჩინგის ხასიათისაა და მის საფუძველზე კონკურისთვის სპეციალურად 300-ზე მეტი პროექტი შეიქმნა, მათ შორის, 53 – საქართველოდან.
კონკურისი მოიცავდა სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი იდეები. ფინალისთვის თითოეული კატეგორიიდან სამი პროექტი შეირჩა. დასკვნით ღონისძიებაზე 9 ფინალური პროექტიდან გამოვლინდა თითო გამარჯვებული თითოეულ კატეგორიაში. გამარჯვებული სამიდან პროექტიდან „ქვეყნის ჩემპიონი“ დასახელდა.
• ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიის გამარჯვებული გახდა პროექტი:
IWANT (TSAA) - ლევან ტყემალაძე, გიორგი შეშაბერიძე, დავით პაიჭაძე
• სოციალური გავლენის კატეგორიის გამაჯვებული გახდა პროექტი:
CHU (TSAA) - სალომე წიკვაძე, გურამ წიკვაძე
• შემოქმედებითი იდეების კატეგორიის გამარჯვებული გახდა პროექტი:
SAPO (BTU) - ნაილი ვახანია, თენგიზ კავკასიძე
• „ქვეყნის ჩემპიონად“ კი დასახელდა
SAPO (BTU) - ნაილი ვახანია, თენგიზ კავკასიძე
თითოეული კატეგორიის გამარჯვებულები მიიღებენ მენტორებისა და მარკეტოლოგების დახმარების პაკეტებს თავიანთი იდეების განსავითარებლად. „ქვეყნის ჩემპიონს“ კი გადაეცა ფულადი პრიზი და საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ბრიტანეთში, კერძოდ, ოქსფორდში გამართულ შეხვედრაში, სადაც შვიდი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებული „მსოფლიო ჩემპიონი“ დასახელდება.