საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყო. სამთვიანი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ენას მარნეულის, დმანისის და საგარეჯოს ბენეფიციარები შეისწავლიან.
სახელმწიფო ენის სწავლების პირველ საჩვენებელ გაკვეთილს ჟვანიას სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, მარნეულში დაესწრნენ.
პროექტი ჟვანიას სკოლასა და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, მხარეთა მიერ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა სასწავლო რესურსი, რაც მოიცავს რელიგიური ლექსიკით გაჯერებულ სასწავლო პროგრამას და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას.