ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ანდრიი ჟოლდაკი თბილისში უილიამ შექსპირის ტრაგედიის „მეფე ლირის“ მიხედვით დგამს სპექტაკლს სახელწოდებით - „დედოფალი ლირი“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი ირინა საგანელიძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთევან დოლიძე და სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ანდრიი ჟოლდაკი უძღვებოდნენ.
ცნობილი უკრაინელი რეჟისორი, ევროპის ავანგარდული თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენელი ანდრიი ჟოლდაკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს საერთაშორისო პროექტს „შექსპირი. შეხვედრები“. „დედოფალი ლირი“ სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიდგმება.
„სპექტაკლის მოქმედება ოჯახში ვითარდება. თემა თაობებს შორის ურთიერთობას ეხება: მშობლები და შვილები. რეჟისორი გვიჩვენებს, თუ როგორ ანგრევს ადამიანური ეგოიზმი, მატერიალიზმი და სიძულვილი, ოჯახურ ჰარმონიას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას და როგორ მიჰყავს ადამიანური ურთიერთობები სრულ კრახამდე. ყველა მიზანსცენა - მისტიფიკაციაა. სპექტაკლში მოქმედებები რეალური ცხოვრებიდან გადადის თეატრში და ბრუნდება ისევ რეალობაში.“
სპექტაკლი დაიდგმება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ: ქეთევან დოლიძე, თეიმურაზ გვალია, პაატა ბარათაშვილი, ირინა გიუნაშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, ბუბა ჭოღოშვილი, თამარ ბზიავა, თამარ ბუაჩიძე, ილია ჭეიშვილი, სოსო ხვედელიძე და ლაშა გაბუნია.
პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ - მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, თბილისის გრიბოედოვის თეატრის სცენაზე Check in Georgia-ს ფარგლებში. პროექტის ოფიციალური მზღვეველია „არდი“; პარტნიორი - „საქართველოს კულტურის პალატა“.