30 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად. საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა. აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სეოკ-მა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში წარადგინოს განაცხადი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. სეოკ-ის ადმინისტრაციას დაევალა ოპერატიულად წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები. სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.