განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მედია ჰოლდინგ „სეტანტა ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და „სეტანტა ჯორჯია“-ს დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს. ღონისძიებას, რომელიც 'Rooms Hotel Tbilisi'-ში ჩატარდა, „სეტანტა ჯორჯია“-ს დამფუძნებელი ლევან მაჭავარიანი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სპორტული აქტივობებისა და ღონისძიებების გაშუქება, შესაბამისად მასობრივი და პროფესიული სპორტის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა რომ ტელეკომპანია მზადაა ითანამშრომლოს ეროვნულ ფედერაციებთან და მხარი დაუჭიროს მათ მიერ დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებს. „სეტანტა ჯორჯია“-ს მიზანია ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებისთვის ქართველი სპორტსმენების წარმატების გაზიარება და ცნობადობის ამაღლება.
„სეტანტა სპორტი“ ირლანდიური სპორტული ტელეკომპანიაა, რომელიც 1990 წელს დუბლინში დაარსდა. „სეტანტა“ 2016 წლიდან ქართულ ენაზეც მაუწყებლობს. ტელეკომპანია სპორტის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. სხვადასხვა სპორტული რეპორტაჟისა და სპორტული თემატიკის გადაცემების ხილვა მაყურებელს „სეტანტა ჯორჯია 1“-სა და „სეტანტა ჯორჯია 2“-ზე შეუძლია.