მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე ეკობანაკი ფუნქციონირებს. საზაფხულო ბანაკის მიზანია გარემოსდაცვითი მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, საბუნებისმეტყველო დისციპლინების პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ეკობანაკში მონაწილეობას იღებს მე-7, მე-8, მე-9 კლასის 300 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მოსწავლეებისთვის ხორციელდება გასართობი, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. სალიბაური ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროს დაფინანსებით, კიდევ ორ- ქართული ენისა და ხელოვნების საზაფხულო სკოლებს უმასპინძლებს, სადაც 400-მდე მოზარდი დაისვენებს.