6 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.
წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის - ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნანა იაშვილი (ვიოლინო), ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.
2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.
პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; „პალმა აპარტამენტი“.
პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი"; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი "Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა "The Messenger"; ვიდეო-პორტალი "myvideo.ge"; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.