აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ორბელის, ლაჯანასა და ლაილაშის მოსახლეობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრებთან - მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესა და კარლო კოპალიანთან ერთად შეხვდნენ.
შეხვედრებზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ლაილაშში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა, დაგეგმილია ლაჯანას სკოლის რეაბილიტაცია. ორბელში წარმატებით ხორციელდება პროექტი „სახელოვნებო ბანაკები“, რაც რეგიონის კულტურულ განვითარებას უწყობს ხელს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მოსახლეობას ახალ კულტურულ მარშრუტებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია, რაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდის წინაპირობაა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი, რომელიც ახალი ტურისტული მარშრუტების მთავარ მიმართულებად უნდა იქცეს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.
შეხვედრების მიზანს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალშიც გააგრძელებენ ღია დიალოგის წარმოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან.